среда, 1 апреля 2009 г.

ალექსანდრე ბეგაშვილი


 

დაიბადა 1923 წლის 14აპრილს სოფელ ანაგაში. დედა–ელენე დარჩიაშვილი, მამა– ივანე ბეგაშვილი. მამამისი მჭედელი იყო. სულ რაღაც 4-5 წლისას წერა-კითხვა უკვე სცოდნია. ჰყავდა ერთი და-ცირა.

უმაღლესი განათლება მიუღია ქუთაისის პედაგოგიურ სასწავლებელში. იქვე ყოფილა კომკავშირის კომოტეტის მდივანი. მეორე კურსზე ყოფილა, როცა დაუჭერიათ. რვა წელი მჯდარა ციხეში. დაპატიმრების მიზეზი გაზეთში დაბეჭდილი სტატია გახლდათ. 1964 წელს შეირთო ცოლი (ვერიკო წერეთელი).

ქვევით სოფლის ბოლოში

ქვევით, სოფლის ბოლოში

ჩავუყვები ძეძვებს...

ბილიკს მივდევ, 

მამაჩემის

ნაფეხურებს ვეძებ...

 

ავტომ რომ აამტვერა, 

თმაში რომ შემერია,

არ მაწუხებს,

რა ვუყოთ, 

ჩემი სოფლის მტვერია! 

 

რა კარგია, ბალახები

რომ მიცვარავს ფეხებს...

გამარჯობა! -

გავძახი

ზვრებს შეფენილ გლეხებს.

 

ვეტრფი თუშურქუდიანებს,

მეზობლებში ვხარობ...

გლეხის გულში მოჩუხჩუხებს

გულმართლობის წყარო.

 

გულში თაფლად ჩავიწვეთავ

გლეხიკაცის ღიღინს...

გლეხმა მშობა, 

გლეხის ნახვა

მთელ სიცოცხლედ მიღირს!

 

ვაზი,

მტევნებდახუნძლული,

ქარვისფერად ელავს...

ვინც გასხლა და ვინც გათოხნა,

ვენაცვალე ყველას!

 

ვენახისკენ ნელა-ნელა

ჩავუყვები ძეძვებს...

ბილიკს მივდევ,

მამაჩემის

ნაფეხურებს ვეძებ...


სიზმრის სადარი, ზღაპრის სადარი 

  დავით მჭედლიშვილს 

 

ტყიან აღმართზე გზა იკლაკნება

ალაზანივით...

ელავს ყაყაჩო წითელღაწვება

ლამაზ ქალივით...

 

აღმართ და აღმართ ტყეს ეკიდება

ყაყაჩოს ალი....

წითელღაწვება ქალს ებინდება

შავ-შავი თვალი...

 

ცისა და მიწის ზღვარი წაშლილა, 

ღრუბლებს ვეხებით...

ძირს საოცნებო ველი გაშლილა

მწვანე ვერხვებით....

 

მუხებს და რცხილებს გამოერევა

ბუჩქები მაყვლის, 

მზეს მხურვალება აღარ ელევა, 

სხივს უხვად გვაყრის.

 

კარგი დარია, წყნარი დარია, 

ხვეულ გზას ვკეცავთ...

მიწა ზურმუხტის დასადარია, 

ლურჯია ზეცა...

 

ალაზნის ველის მშვენებით ვტკბებით

ცივგომბორიდან.... 

რა კარგად მოჩანს კავკასის მთები

ასე შორიდან! 

 

ძირს ჩაიხედავ,- 

შეგეშინდება, 

ღრმაა ხევები...

მაგრამ ამ ტყეში არა მწყინდება 

მოსახვევები...


 გულს ჩაუნთია აპრილს ღადარი

სუნთქვა ლაღია...

სიზმრის სადარი,

ზღაპრის სადარი-

ეს სიღნაღია!


ზარიაული, ვერხვის შრიალი...

 

ზარიაულის წყაროს ჩქრიალი,

ვერხვი, ღრუბლებში რომ იტყორცნება, -

აი რა არის ჩემი ტრფიალი,

ჩემი ბავშვობის ტკბილი ოცნება! 

 

შენ,

დიდო ვერხვო,

ცაში ასულო,

ბერდები, სადაც მწვანე მთებია,

ჩემი აწმყოც ხარ,

ჩემი წარსულიც,

შენს ჩრდილში ბევრი მიოცნებია.

 

ლოცვა-კურთხევა ბევრი გსმენია,

ალბათ მიტომ გაქვს ფესვი მაგარი,

ვისაც შენს ჩრდილში დაუსვენია,

უთქვამს, ცხონდესო შენი დამრგველი!

 

ვინ ეწაფება შენს ჩრდილში წყაროს, 

ყველა გიკოცნის ფესვებს ალერსით,

შენი საამო შრიალით ვხარობ,

შენი ჩურჩული ტკბილად ჩამესმის. 

 

ირგვლის წვეთები ცვივა მძივებად,

ივლისის მზე რომ მიწას ახურებს...

ნუ მიწყენ,

ვერხვო,

მეპატიება,

ასე დიდხანს რომ ვერ გინახულე!

 

და თუმცა ხშირად ვეღარ მოვდივარ,

ჩემი ფიქრები შენკენ ილტვიან.

ვერხვო,

მე შენი ერთი ტოტი ვარ, -

ვერხვო,

ეს ლექსიც შენი კვირტია!

 

ზარიაულის წყაროს ჩქრიალი,

ვერხვი ღრუბლებში რომ იტყორცნება, -

აი რა არის ჩემი ტრფიალი,

ჩემი ბავშვობის ტკბილი ოცნება!

   

ზარიაული ვერხვის შრიალი – კითხულოს 182-ე საჯარო სკოლის, მე–10–ე კლასის მოსწავლე ვახტანგ გორელიშვილი.  

 * * * 

  ახოს ქვევით კაკლები, 

"ბოხვერა" და "ბზიური"...

შუბლზე ბავშვებს კაკლებქვეშ

შუქი გვედგა მზიური.

 

ხევ-ხევ წყება წისქვილთა...

გაბურღული ტინები...

დღესაც იმ სიყმაწვილის

დღეებს ვეტიტინები.

 

ბრწყინავს ზარიაულის

ოქროსფერი მილები...

დღესაც იმ სიყმაწვილის

დღეებს ვეღიმილები.


როგორც იშლება ვარდის კოკორი 


წყაროსთან დიდი ვერხვი შრიალებს,

ფოთლებში ჩიტთა ისმის ჟივჟივი...

მთებზე ქუხილი გადიგრიალებს,

ხევებში წყალი მოქუხს გიჟივით.

 

მთებს ნისლი ისევ გადეწმინდება

და, ვით ნაცრემლი ქალი ლამაზი,

მთელ საქართველოს შნო და დიდება --

კვლავ გაიღიმებს ველი ალაზნის.

 

გაღმა ლეკის მთას მზე ჩაეკონა,

სხივი თავს ვერცხლად გადაეყარა,

მე პაწაწინას, მახსოვს, მეგონა

იქ თავდებოდა მთელი ქვეყანა.

 

შეიშმუშნება მთები გომბორის,

გარინდებული,

ძილში მყოფელი...

როგორც იშლება ვარდის კოკორი,

ისე იღვიძებს ჩემი სოფელი.


დედა ხარ ჩემი, ჩემო ანაგავ!


ჩემო სოფელო,

ჩემო ანაგავ,

შენს მთებს ზურმუხტის კაბა აცვია,

გამზარდა შენმა ზრუნვამ, ამაგმა,

შენმა ალერსმა კაცად მაქცია.

 

შენთან ვიქნები,

სხვაგან ვიქნები,

ხშირად გნახავ თუ არ გენახვები,_

შენ დაგტრიალებს ჩემი ფიქრები,

შულ მახსოვს შენი ბაღ-ვენახები!

 

სულ თვალწინ მიდგეს შენი ველები,

გამზარდა შენმა მწვანე სერებმა,

ჩამოვალ,

ისე მოგეფერები,

შვილი რომ დედას მოეფერება!

 

რა წარმტაცია ველი ალაზნის,

რა ნაზად ეკვრის კავკასს გოლიათს. . . 

თავის დედაზე უფრო ლამაზი

შვილს ხომ არავინ არა ჰგონია!

 

დედა ხარ ჩემი,

ჩემო ანაგავ,

შენს მთებს ზურმუხტის კაბა აცვია,

გამზარდა შენმა ზრუნვამ, ამაგმა,

შენმა ალერსმა კაცად მაქცია.

შენთან ვიქნები,

სხვაგან ვიქნები,

ხშირად გნახავ თუ არ გენახვები,_

შენ დაგტრიალებს ჩემი ფიქრები

სულ მახსოვს შენი ბაღ-ვენახები!